აღმართს მოვუყვები შენკენ,
ლამარია,
სისხლის მდინარე მაქვს
- ურჩი არაგვივით.
ლილეეეე!..
სიყვარულმა ისე გადამრია,
გული მიფრიალებს
ომში - ალამივით!
აღმართს მოვუყვები შენკენ,
ლამარია,
გზაზე თმებს მიშლიან,
ქარის ასულები,
თითქოს მხლებლებივით,
გვერდით მომყვებიან
მხარზე შემოუდგამთ
კოკა და სურები.…
როგორ მესურვები,…
მგონი, აღარ დარჩა
ჩემში არაფერი
შენით შეუცვლელი,
შენი მონატრება
მთიბავს უთიბესად,
მთიბავს უთიბესად,
როგორც თავთავს
- ცელი!
ნაწნავს დანაწვიმებს
შავი ყურძენივით,
ნელა ჩაგაწურავ
უბის საწანხელში,
გულიდან აგიფრენ
მაგ ველურ არწივებს,
მერე დამედევნე
მზიან სანახებში!..
აღარ მენაღვლება
აწი არაფერი,
რაკი გაერთხაზდა
ჩვენი ბილიკები,
რაკი მზერა ისე
ფიცხად დამადევნე,
როგორც მონადირის
ჩქარი მარეკები!
მე ვერ მეყვარები
უმთო და უმზეო,
გულზე უნდა გედოს
ცეცხლის ნაკერები,
მთელი უმზევეთი
უნდა გავამზეოთ,
უნდა ჩამოვკრიფოთ
მწიფე ვარსაკვლავები!
ახლა ქარი მთიბავს,
აღმართს მივუყვები,
ლილეეე! – ჩემი სისხლი
ურჩი არაგვია,
რაც ვერ გაგიმხილე
- უშგულს მოვუყვები
როცა ჩამიხუტებს
გულში ლამარია!

No comments:
Post a Comment